შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება გააცნო.
ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობების უფლებრივ მდგომარებაზე და დაბრუნების პერსპექტივებზე. ასევე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების შედეგად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსა და დევნილთა დაბრუნებისა და უსაფრთოხების საკითხებში გაეროს ჩართულობის მნიშვნელობაზე.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა კონფლიქტის თემატიკაზე, კონფლიქტის მოგვარების პროცესში ხალხთაშორის ურთიერთობების აღდგენასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე. მათ შორის საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვებს.
შეხვედრაზე სტუმრები დაინტერესდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე, კერძოდ კი რუსეთის ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებსა და მისგან მომდინარე სხვა გამოწვევებზე.