დღეს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - რიგით 65-ე - შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა განიხილეს უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, უკანონო დაკავებების ფაქტები, მავთულხლართების, ღობეებისა და სანიშნე ბანერების უკანონოდ აღმართვის შედეგად, გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ორივე მხარის მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყენეს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნათესავების საფლავების დაუბრკოლებლად მონახულების საკითხი.
ასევე, ისაუბრეს საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი, ახალგორის მკვიდრ დავით ბაშარულის საქმის ირგვლივ ხელახალი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა, მიმდინარე საკითხებზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 66-ე შეხვედრა გაიმართება, 16 მაისს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.