დღეს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - რიგით 66-ე - შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა განიხილეს უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, უკანონო დაკავებების ფაქტები, მავთულხლართების, ღობეებისა და სანიშნე ბანერების უკანონოდ აღმართვის შედეგად, გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ორივე მხარის მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები.
ისაუბრეს საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი, ახალგორის მკვიდრ დავით ბაშარულის საქმის ირგვლივ ხელახალი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა, მიმდინარე საკითხებზე.
ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ასევე დააყენა 2000 წელს გარდაცვლილი ბონდო გოჩაშვილის საფლავის დაზიანების საკითხი, რომელიც მდებაშეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - სოფელ ხეთაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საკითხის მოკვლევა დაიწყება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 67-ე შეხვედრა გაიმართება 28 ივნისს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.