27 მაისს, ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე ქართული მხარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში19 მაისს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს დააყენებს.
ხურჩაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ინტენსიური შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებთან.
19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.