სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დიდი ბრიტანეთის „თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა, რომელსაც მაღალი რანგის კურსანტები ესწრებოდნენ .
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატსა და საქართველოს მთავრობის ხედვაზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით.
ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჟენევის საეთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების მიმდინარეობაზე.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მიუხედავად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სირთულისა, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების ფორმატს, ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების მისაღწევად, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, დევნილების ღირსეულად დაბრუნება, გალსა და ახალგორის რაიონებში მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლებისა და გადაგილების თავისუფლების შეზღუდვების საკითხების მოგვარება.
„დღემდე 300 ათასამდე დევნილი და ათასობით ადამიანია საქართველოში ვინც ყოველდღიურად განიცდის ოკუპაციის სიმძიმეს საკუთარ თავზე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
დიდი ბრიტანეთის „თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ მსმენელები საქართველოში სასწავლო ტურის ფარგლებში იმყოფებიან.