ჟენევაში დისკუსიების 36-ე რაუნდი გაიმართა

16 ივნისი 2016
14-15 ივნისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 36-ე რაუნდი გაიმართა.
შერიგებისა და სამოქალაქაო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დისკუსიებზე ჰუმანუტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას ხელმძღვანელობა.
მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თემების ისევე, როგორც ზოგადად, მოლაპარაკების პრინციპების მიმართ.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საკითხის პოლიტიზებას, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღების საბაბით. აღსანიშნავია, რომ თანამოდერატორებმა ისევე, როგორც აშშ-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს დევნილთა დაბრუნების შესახებ არსებითი განხილვის აუცილებლობას.
მეორე სამუშაო ჯგუფში განხილულ იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული მდგომარეობა. ხანგრძლივი დისკუსიის საგანს წარმოადგენდა აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემა. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე საკითხის მოსაგვარებლად ქმედითი ზომების გატარების აუცილებლობას.
„შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დევნილების დაბრუნების საკითხი. იყო საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის და მისი განსახილველი საკითხებიდან ამოღების მცდელობა. თუმცა, ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რომ ჟენევის ფორმატი სწორედ დევნილების საკითხის მოგვარებისთვის შეიქმნა და ერთ-ერთია სამ ძირითად საკითხს შორის. შეხვედრაზე აქცენტები გავაკეთეთ ასევე, ისეთ პრობლემებზე, რომლებიც როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე მისი მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს. ბოლოდროინდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია შევთანხმდეთ ჰუმანიტარულ პრინციპებზე, რომ ადამიანებს მიეცეთ თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ქართულმა მხარემ ორივე სამუშაო ჯგუფში მწვავედ დააყენა 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საკითხი, მონაწილეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა მკვლელობის ფაქტზე და კატეგორიულად მოითხოვა დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება, რასაც მხარი დაუჭირეს თანათავმჯდომარეებმა და დანარჩენმა მონაწილეებმა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ გააჩნდათ ღირებული ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 6 ივლისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მეტ სიცხადეს შეიტანს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საქმეში.
ქართულმა მხარემ ორივე სამუშაო ჯგუფში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ასევე საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. მწვავე დისკუსია შედგა ასევე ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და გატაცების შემთხვევებზე. მონაწილეებმა საქართველოდან მოითხოვეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა, რისი აუცილებლობაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საოკუპაციო ხაზთან ჩადენილმა მკვლელობამ.
ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების მორიგი - 37 რაუნდი 4-5 ოქტომბერს გაიმართება.