ქეთევან ციხელაშვილი კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა

30 აგვისტო 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო, ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, გამყოფ ხაზთან მავთულხლართების აღმართვის შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის ფაქტებზე.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას განიხილავს, ხალხთაშორის კონტაქტების ხელშეწყობის, ნდობის მშენებლობისა და შერიგების გზით.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერისა და როლის მნიშვნელობას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, სამშვიდობო ამოცანების შესრულებისა და ნდობის მშენებლობის პროექტებში.

„ევროპული მოდელის სახელმწიფოს მშენებლობა, დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთ-ერთი გასაღები. მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერა ჩვენი თანამშრომლობის ფორმატებში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.