შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, პეტრე კანკავა, განის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს გენერალური დირექტორი, ედვინ ადჯეი, ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით უწყების საქმიანობის შესახებ, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის შეთავაზებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ამ ვითარების გამოსასწორებლად საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანების აუცილებლობაზე.
პეტრე კანკავამ, განელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისთვის და გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის რეზოლუციის „იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების შესახებ“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მოხარული ვარ, რომ განის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან განის რესპუბლიკას შეუძლია შეიტანოს დიდი წვლილი აფრიკის ქვეყნების პოზიციის კონსოლიდაციის საკითხში, რაც საერთაშორისო არენაზე უზრუნველყოფს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის გამყარებას“, - განაცხადა პეტრე კანკავამ განის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრის დროს.