ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

13 სექტემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს შეხვდა.
 
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
 
ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, კერძოდ საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვებზე, უკანონო დაკავებებსა და სხვა ჰუმანიტარული გამოწვევებზე, ასევე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებს.
 
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არის პრაგმატული, კონსტრუქციული და კონფლიქტების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მშვიდობიან გზებს განიხილავს.
 
„ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი, ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლებები. ასევე, კონფლიქტის მოგვარების პროცესშიც ჰუმანიტარული გამოსავლების მოძიება ჩვენთვის ერთ-ერთ მთავრ პრიორიტეტად რჩება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველი მარსელ კაპი.
 
შეხვედრის მიზანს საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მეთოთხმეტე კონსოლიდირებული ანგარიშისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.