შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ, ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სპეციალური სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხს ეძღვნებოდა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. აღნიშნა, რომ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს, უზრუნველყოფილ იქნას დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვა და უსაფრთხოება.
პეტრე კანკავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება დევნილების საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების რეალიზების საკითხს ცალსახად განიხილავს, როგორც ჰუმანიტარულს და მოითხოვს მის მოგვარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე, ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე.
გამოსვლის დასასრულს პეტრე კანკავამ მადლობა გადაუხადა ეუთოს წევრ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომლებმაც 2016 წლის 7 ივლისს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.