ქეთევან ციხელაშვილმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

27 სექტემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ქეთევან ციხელაშვილმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად მიაგო.

„ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულია. ჩვენ დაღუპული გმირების მემორიალთან პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომელთაც თავი სამშობლოს შესწირეს. გავიდა 23 წელი ტრაგედიიდან, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი მოიტანა როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის. ეს არის მოუშუშებელი ტკივილი ოჯახებისთვის, ახლობლებისთვის, მთლიანად საზოგადოებისთვის. მაგრამ საკმარისი დრო გავიდა, კიდევ ერთხელ დავინახოთ, რომ ამ ომმა არც ერთი მხარისთვის სიკეთე არ მოიტანა. ჩვენ შეგვიძლია, ნგრევის, სისხლისღვრის წარსულს დავუპირისპიროთ მშვიდობიანი, აღმშენებლობის და განვითარების მომავალი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა გუშინ გაცხადებულ ინიციატივაზე და მას უნიკალური უწოდა. კერძოდ, 26 სექტემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში გაიმართა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის პროექტების პრეზენტაცია. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ინიციატივის შესახებ, ანალოგიური კომპლექსი გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც აშენდეს.
„ეს არის თავისი ხასიათით უნიკალური შეთავაზება, რომელიც პირდაპირ ეხმიანება შერიგების პოლიტიკას. ეს კონკრეტული წინადადებაა, წარმატებისა და განვითარების გაზიარებისთვის ქართული საზოგადოების მზაობა კონკრეტულ ქმედებებში გადავიდეს, რომ გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი და საერთო ინტერესზე დაფუძნებით ერთად ვიმოძრაოთ მშვიდობიანი მომავლისკენ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვაერთიანებს მომავალი ერთიან ევროპულ საქართველოში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.