შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას 27 ოქტომბერს - აფხაზური ენის დღეს ულოცავს. “აფხაზური ენის დღე თანაბრად მნიშვნელოვანია აფხაზური და მთლიანად ქართული საზოგადოებებისთვის. აფხაზური ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულთან ერთად სახელმწიფო ენაა და ის დაცულია საქართველოს უზენაესი კანონით - კონსტიტუციით. ეს არის ღირებულება, რომელიც გვაერთიანებს. ჩვენს საზოგადოებებს ჯერ კიდევ აშორებს იმ ტრაგედიის სიმძიმე, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ. თუმცა, ასევე ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, შერიგების გზით გავაგრძელოთ სვლა. ერთად უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი ერთიან, ევროპულ სახელმწიფოში, სადაც ყველა ეთნოსის ინტერესი და განვითარება არის დაცული და გარანტირებული. ამ გზაზე სვლა სწორედ ისეთ მუდმივ და ძვირფას ღირებულებებზე ზრუნვით უნდა შევძლოთ, როგორიც ენაა, ეთნოსის ერთ-ერთი ძირითადი, წარსულისა და მომავლის საყრდენი’, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.