ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ბათუმში მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“ გაიმართა.
ფესტივალის მონაწილეებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა მიესალმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. ფესტივალის მონაწილეებს ასევე მიმართა საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელმა მაკა ჩიჩუამ.
კონცერტს უძღვებოდა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის განყოფილების ხელმძღვანელი, პროექტის ავტორი, კომპოზიტორი მანანა ალფაიძე.
ფესტივალში დასავლეთ საქართველოს სამუსიკო სკოლების (ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ბათუმი) და ოზურგეთის ბავშვთა თეატრალური სტუდიის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. მსმენელის წინაშე 90-მდე მონაწილე წარსდგა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტზე მუსიკალურ ნომრებთან ერთად ასევე წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „ბოშები“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი. სპექტაკლი ოზურგეთის ბავშვთა თეატრალურმა სტუდიამ „პეპილოტა“ წარადგინა.
მონაწილეებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით საჩუქრები გადაეცათ. ფესტივალი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის განყოფილების ორგანიზებით და USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.