შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გენდერის საკითხებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენლს, ელჩ მელანი ვერვეერს შეხვდა.
შეხვედრაზე გენდერულ საკითხებზე და ქალთა ჩართულობაზე იმსჯელეს.
„ჩვენ ვიმსჯელეთ შერიგების, მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე. ასევე ვისაუბრეთ პოლიტიკური განვითარების, უსაფრთხოების საკითხებში ქალების მონაწილეობაზე. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შევხვდი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ბევრ წარმომდგენელს. ეს იყო ნაყოფიერი და საინტერესო ვიზიტი“, - განაცხადა მელანი ვერვეერმა.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო სამშვიდობო და შერიგების პროცესში ქალთა ჩართულობას.
„მე მჯერა, რომ სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში - ქალებს აქვთ მეტი სენსიტიურობა ისეთი საკითხებისადმი, როგორიც არის კონკრეტული ადამიანების ბედი, რომლებიც განიცდიან მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმეს. ქალები ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიმართ მეტად არიან მიდრეკილნი. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დღევანდელ შეხვედრაზე განხილული თემა - როგორ შევუწყოთ ხელი ქალების მეტ ჩართულობას და როგორ დავეხმაროთ ქალებს, რომლებიც ხშირად არიან კონფლიქტის პირველი მსხვერპლნი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ გენდერის საკითხებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი მოამზადებს შესაბამის ანგარიშს, რომელსაც გააცნობს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს.