ქეთევან ციხელაშვილმა კონფერენციაში „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ მიიღო მონაწილეობა

22 ნოემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან ციხელაშვილმა კონფერენციაში „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბაქრაძემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილმა კონფერენციაზე გამოსვლისას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობასა და მთავრობის მიერ აღნიშნულ სოფლებში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ 2013 წელს დაიწყო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრობლემებისა და საჭიროებების შესწავლა და საჭიროებებზე რეაგირებისთვის საგანგებოდ შეიქმნა დროებითი სამთავრობო კომისია.

სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიმოიხილა ის პროექტები, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში განხორციელდა. მან აღნიშნა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები სრულად არის გაზიფიცირებული, ზამთრის სეზონზე გათბობის უზრუნველყოფისთვის ყველა ოჯახი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დახმარებას, სახელმწიფო ფარავს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურს, მოწესრიგდა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები.

„ამ სოფლებში ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, მაგრამ საქართველოს მთავრობას აქვს ხედვა, თუ როგორ მოახდინოს ამ გამოწვევებზე მაქსიმალურად ეფექტური რეაგირება და როგორ გავუუმჯობესოთ ადგილზე მოსახლეობას პირობები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე კახა გოგოლაშვილი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული კოორდინატორი ლაშა ტუღუში.

კონფერენცია გაიმართა საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ინიციატივების ფარგლებში, რაც ყოველწლიურად, მაღალი დონის, ერთობლივი კონფერენციის ჩატარებას ითვალისწინებს.

ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით ჩატარდა, ფინანსური მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში, ევროკავშირი და შვედეთის მთავრობა.