ქეთევან ციხელაშვილმა პროგრამის „ვისწავლოთ ქართული” დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

17 დეკემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პროგრამის „ვისწავლოთ ქართული” საზეიმო დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ცერემონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ წარმატებული მსმენელები და პროექტში მონაწილე მასწავლებლები. წარმოდგენილი იყო პროექტის შესახებ გადაღებული ფილმი და სწავლების პროცესის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა.
ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო ენის ფლობის და სწავლების შესაძლებლობების შექმნაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის, ვინც დღესდღეობით ჯეროვნად ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, შევუქმნათ შესაბამისი შესაძლებლობები. ეს სესაძლებლობები უნდა იქმნებოდეს სკოლამდელ საფეხურზე, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში და არა მხოლოდ. აღნიშნული პროგრამა ემსახურება იმას, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ყველა ასაკის, ნებისმიერ პროფესიის მსურველისთვის შექმნას ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა. ეს პროექტი ბევრ რაიონში განხორციელდა, მოსახლეობის მხრიდან არის მაღალი აქტიურობა და ენის სწავლის სურვილი’, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ სახელმწიფო ენის ჯეროვნად ცოდნა ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვნად ჩართვის წინაპირობაა.
„შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, ეს შესაძლებლობები შევქმნათ და ეს პროექტი ძალიან ეხმარება ამ ამოცანას. ვულოცავ ყველა - ორგანიზატორებს და ბენეფიციარებს ამ ეტაპის დასრულებას. სახელმწიფო ზოგადად კიდევ უფრო გაააქტიურებს ძალისხმევას სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობების მიმართულებით“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული საპილოტე პროექტის „ვისწავლოთ ქართული" განხორციელება 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის და კონსტიტუციის საფუძვლების დაჩქარებული მეთოდით სწავლების პროგრამა ყველა მსურველს სთავაზობს სახელმწიფო ენის შესწავლას. პროექტი განხორციელდა სამი რეგიონის (ქვემო ქართლი, კახეთი, სამცხე–ჯავახეთი), 9 მუნიციპალიტეტის (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, საგარეჯო, ლაგოდეხი), 60 სოფელში, სადაც 2500–ზე მეტი მსმენელია.