შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. კერძოდ, ქეთევან ციხელაშილი ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიწვევით მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა გვაზავას და დეპუტატებს შეხვდა.
„ჩვენი ამოცანაა, უფრო დინამიური ნაბიჯები გადავდგათ სამშვიდობო პროცესში, ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მონიშნული გვაქვს მთავარი მიმართულებები და რამდენადაც ეს არის სამუშაო პროცესი, ცხადია, მნიშვნელოვანია ყველა რელევანტური ჯგუფისა და საზოგადოების ფართო ჩართულობა,“ – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან მშვიდობის დაცვისა და უზრუნველყოფის, დეოკუპაციის, პირდაპირი დიალოგისა და ნდობის მშენებლობის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს სახელმწიფოს სერვისებზე, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე სარგებელზე ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისო მხარდაჭერის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, უპასუხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კითხვებს, რომლებიც სახალხო დიპლომატიას, ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას, დევნილების დაბრუნების, გადაადგილების თავისუფლებას ეხებოდა.