ქეთევან ციხელაშვილი ვინსენტ კოშეტელსა და იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდა

2 თებერვალი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელებს შეხვდა.
კერძოდ, ქეთევან ციხელაშვილმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპის ბიუროს დირექტორი ვინსენტ კოშეტელსა და სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენელთან იოჰანეს ფან დერ კლაუსთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ხალხთა შორის ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით UNHCR-ის ჩართულობაზე ისაუბრეს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გააგრძელონ.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია გამყოფ ხაზებზე მოსახლეობის გადაადგილებისას არ გაჩნდეს დამატებითი დაბრკოლებები და გამარტივდეს გადაადგილება.
ასევე აღინიშნა, რომ UNHCR აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი დევნილების დაბრუნებაა.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და იმ ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებსაც UNHCR ახორციელებს.