შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, კერძოდ ადამიანის უფლებათა დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი ვითარების შესახებ. აღინიშნა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ მნიშვნელობა.
„საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გენერალური მდივნის ანგარიში არის ინფორმაციის ძირითადი წყარო საქართველოში კონფლიქტების შესახებ. ამდენად, მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ამ თემაზე. ჩვენი ინტერესია სტაბილურობა, სწორედ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებაა სტაბილურობის წინაპირობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს არსებული ვითარების სტაბილიზაციას, რაც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ბევრ გამოწვევას უკავშირდება“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ასევე, გააცნო საქართველოს მთავრობის მიდგომა და სამშვიდობო პოლიტიკის 8 მთავარი ამოცანა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიდგომებისა და ინიციატივების მიზანი ხელოვნური დაბრკოლებების პირობებში ადამიანების უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის და შესაძლებლობების გაუმჯობესებაა.
ევროპის საბჭოს დელეგაცია საქართველოში გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით იმყოფება.