ქეთევან ციხელაშვილი მოლდოვას რეპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

24 თებერვალი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოლდოვას რეპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ლილიან დარი ხელმძღვანელობდა.

სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სახელმწიფო ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებთ სთავაზობს.

ქეთევან ციხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას სთავაზობს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობიდან გამომდინარე სარგებელსა და სიკეთეებს.

მოლდოვას წარმომადგენლებმა ისაუბრეს გამოცდილებაზე, თუ როგორ აისახა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებაზე მოლდოვას რესპუბლიკის ევროინტეგრაციის პროცესი და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.

დელეგაციის წევრები, ასევე, დაინტერესდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომებით. სახელმწიფო მინისტრმა მათ მიაწოდა ინფორმაცია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე.