სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 75-ე შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, გადაადგილების თავისუფლების საკითხი განიხილეს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი, ასევე გასულ კვირაში უკანონოდ დაკავებული ამირან გუგუტიშვილის ცემის ფაქტი. მათ ასევე განაცხადეს, რომ მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საგაზაფხულო სამუშაოების დაუბრკოლებლად ჩატარების შესაძლებლობებზე.
ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 4 აპრილს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.