ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

6 მარტი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელს იანოშ ჰერმანს, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურ მრჩეველს ბიორნ კუნეს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა.

შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, ასევე გამყოფ ხაზებზე შექმნილი ვითარება განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დახურვის ფაქტზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

„აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ამ ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვა სრულიად მიუღებელია და მიმართულია ადამიანების, მათი ინტერესების წინააღმდეგ. მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო პროცესში ჩართულ ყველა მხარესა და მონაწილეს, გააცნობიერონ ამ ნაბიჯის შედეგების სიმძიმე მთელი რეგიონის მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და მიდგომებზე, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირისა და სადამკვირვებლო მისიის ჩართულობის მნიშვნელობაზე. მან სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.