ქეთევან ციხელაშვილი აშშ საჰაერო ძალების კოლეჯის დელეგაციას შეხვდა

7 მარტი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების კოლეჯის დელეგაციას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, განგრძობადი ოკუპაციის შედეგად ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების და კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„შეერთებულ შტატებთან საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ქარტიის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის სწორედ სამშვიდობო პოლიტიკა, უსაფრთხოების საკითხები, ხალხთა შორის კონტაქტებისა და ნდობის მშენებლობის ხელშეწყობა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გაიმარტა დისკუსია.

აშშ საჰაერო ძალების კოლეჯის დელეგაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის ფარგლებში საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას სტუმრობენ. დელეგაციის წევრები ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან. ვიზიტის მიზანი საქართველოში და შავი ზღვის რეგიონში პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით დინამიკის გაცნობაა.