ქეთევან ციხელაშვილი მარნეულში პედაგოგ ქალებს შეხვდა

8 მარტი 2017
„ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, ევროპულ დემოკრატიას. სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია მიმართულია იმისკენ, რომ ყველა მოქალაქემ, ეროვნული კუთვნილების და სქესის განურჩევლად შეძლოს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში ჩართვა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა 8 მარტთან დაკავშირებით მარნეულში პედაგოგ ქალებთან გამართულ შეხვედრაზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეთნიკურად აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ პედაგოგ ქალებს შევხდა, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენას ასწავლიან.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. შეხვედრაზე ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, შეხვედრის მონაწილეთა მუშაობის სპეციფიკაზე, გამოწვევებზე და წარმატებებზე ისაუბრეს.

„ეს ადამიანები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს - სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას ემსახურებიან. ჩვენ ვისაუბრეთ როგორც მათ საქმიანობაზე, ისე იმ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია რეგიონში ქალებისთვის. ჩვენი სტრატეგიისა და პოლიტიკისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ის, რომ თანასწორობის პრინციპი ვრცელდებოდეს ქალებსა და მამაკაცებზე თანაბრად, დაცული იყოს ქალთა უფლებები. ვიმსჯელეთ იმ გზებზე, რომლებითაც შეიძლება გადაიჭრას ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სასწავლო პროცესიდან გოგონების გამოთიშვის პრობლემები“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისთვის“ შესახებ, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ტრენერები ატარებენ შეხვედრებს რეგიონებში თანატოლებთან, მასწავლებლებთან გენდერული თანასწორობისა და ოჯახური ძალადობის თემებზე.

„ვისაუბრეთ როგორც წარმატებებზე, ისე ჩვენს წინაშე არსებულ სირთულეებზე და პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე. მივიღეთ ბევრი საჭირო ინფორმაცია. ეს იყო ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო შეხვედრა“, - განაცხადა სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა როზანა მანუჩარიანმა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ მხარდაჭერით, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.