შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში აშშ ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებზე არსებული მდგომარეობა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა, ასევე აფხაზეთში გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების და ცხინვალში დაგეგმილი ე.წ. არჩევნებისა და რეფერენდუმის თემა განიხილეს.
„კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ხალხთა შორის კონტაქტები და ნდობის აღდგენაა. ამ კუთხით, ისევე როგორც კონფლიქტის მოწესრიგების მთლიან პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - შეერთებული შტატების მხარდაჭერა, მათ შორის, ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავებისა და კულტურული გაცვლის გაფართოების ჯგუფის მუშაობა, რომელიც 2008 წლიდან საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მოქმედებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა და ელჩის მოადგილემ სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი და მზაობა დააფიქსირეს.
16 მარტს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც
ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს აფხაზეთში „არჩევნების“ შედეგებს და გმობს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.
„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია - ორივე ეს რეგიონი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს“, - აღნიშნულია განცხადებაში.