გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 44-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზზე 13 მარტს დაკავებული სამი ქალის გათავისუფლების, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯიოღლის დაკავებისა და დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხები დააყენეს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს გამყოფ ხაზზე გადასასვლელების დაკეტვისა და გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დაკეტვით ადგილობრივების, მათ შორის მოსწავლეების, რომელთაც გამყოფი ხაზის გადაკვეთა უწევთ, გადაადგილების თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა.
გალში მომდევნო შეხვედრა 25 აპრილს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.