ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა წარადგინა

23 მარტი 2017
ქეთევან ციხელაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა წარადგინა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით შემუშავებული, საჯარო სექტორში სტაჟირების საპილოტე პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამის) მონაწილე სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი.

„ჩვენი ინიციტივით იწყება საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების პროგრამა, რომელიც პირველად ხორციელდება „1+4“ პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის. ეს პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის საკუთარი თავის გამოსავლენად და პროფესიული უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული იმ მიმართულებით, რომ გაიზარდოს ამ ნიჭიერი ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა და მათ საკუთარ სამშობლოში, საქართველოში შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება“ , - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ სტაჟირების პროგრამა ახალი სივრცის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„სტაჟირების პროგრამა მართლაც არის ნაბიჯი ახალი სივრცის შესაქმნელად, რომელშიც არის თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ახალგაზრდისთვის. ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მომავალი დასაქმებისთვის. სხვადასხვა უწყებამ გამოთქვა მზაობა, რომ სტუდენტები საკუთარ სივრცეში მიიღონ, დაეხმარონ პროფესიული და პრაქტიკული უნარების გაძლიერებაში. თუ სტუდენტები შეძლებენ, რომ დაადასტურონ მზაობა, მონდომება და სწრაფვა განვითარებისაკენ, მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს, რაც შემდეგში აუცილებლად დაეხმარება მათ დასაქმებაში“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ხელმძღვანელი რამაზ აფციაური.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სტაჟიორებს სპეციალური კომისია შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით შეარჩევს. წარმატებული აპლიკანტები სამთვიან სტაჟირებას სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გაივლიან. სტაჟირების პროგრამისთვის რეგისტრაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე smr.gov.ge 23 მარტს დაიწყო და 10 აპრილამდე გაგრძელდება.