ქეთევან ციხელაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში გაემგზავრა

28 მარტი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს ბერლინში 28- 31 მარტს გამართავს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ოფიციალურ პირებთან გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო ურთიერთობათა გერმანიის საბჭოში (DGAP), ფედერალური კანცლერის აპარატში, ასევე გერმანიის დეპუტატთა სახლში.
28-29 მარტს გაიმართება სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლადო ჭანტურიას შეხვედრა ანდრეას პეშკესთან, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან, ასევე იოახიმ ბერტელესთან, საგარეო პოლიტიკის სფეროში ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან, მოგვიანებით კი ბეტინა კადენბახთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩთან.
„ძალიან საინტერესო შეხვედრები გვაქვს ჩანიშნული გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სხვადასხვა ოფიციალურ უწყებაში: საგარეო საქმეთა სამინისტროში, კანცლერის აპარატში, ბუნდესტაგში, ასევე სხვადასხვა ფონდებში. კონფლიქტის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას, ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩართულობა, ამდენად, ჩემი მიზანია გავაცნო უცხოელ პარტნიორებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტები და მიმართულებები, ასევე მივაწოდო მათ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ვიზიტის დაწყებამდე.
სამუშაო ვიზიტის დასასრულს, შეხვედრები გაიმართება ბუნდესტაგის დეპუტატებთან, გერმანიის მთავრობის და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებთან.