სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 76-ე შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, გადაადგილების თავისუფლება და უკანონო დაკავებები განიხილეს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგაზაფხულო სამუშაოების დაუბრკოლებლად ჩატარების საკითხიც დააყენეს. აღინიშნა, რომ მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, კიდევ ერთხელ მოითხოვეს ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება.
ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 11 მაისს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.