ქეთევან ციხელაშვილმა პანკისის ხეობაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

5 აპრილი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პანკისის ხეობაში ვიზალიბერალიზაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ქეთევან ციხელაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ხეობის მოსახლეობას სოფელ დუისში შეხვდნენ.

შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ამ პროცესიდან მომდინარე სარგებელსა და შესაძლებლობებზე, უვიზოდ მიმოსვლის წესებზე ისაუბრა.

„მე და ბატონმა ვიქტორ დოლიძემ მოსახლეობას გავუზიარეთ ის ინფორმაცია, რაც მათ უნდა ჰქონდეთ უვიზოდ მიმოსვლის შესახებ. საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე ეს სიახლე სწორი ფორმით უნდა მივიდეს. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ინფორმაცია ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგიონების მოსახლეობისთვის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებისა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობისთვის, რათა ამ სიკეთით სარგებლობა ჩვენმა მოქალაქეებმა თანაბრად შეძლონ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრებმა ადგილობრივების კითხვებსაც უპასუხეს.

„შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ არსებითი კითხვები. ინტერესი არის მაღალი როგორც ახალგაზრდების, ისე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან. მე მაქვს იმედი და განცდა, რომ ჩვენი მოქალაქეები მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგებიან იმ ნდობას, რომელიც ევროკავშირმა, შენგენის ზონის სახელმწიფოებმა საქართველოს გამოუცხადეს“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის – „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს.