ქეთევან ციხელაშვილი „თავისუფლების სამიტზე“ სიტყვით გამოვიდა

8 აპრილი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ალბანეთში „თავისუფლების სამიტზე“ სიტყვით გამოვიდა.
ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა ალიანსის მიერ ორგანიზებული ,,თავისუფლების სამიტი“ ქალაქ ტირანაში გაიმართა და აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთის ქვეყნებში პოსტ-კომუნისტურ მემკვიდრეობას, დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და ისტიტუციური განვითარების თემას დაეთმო.
სამიტზე პოსტკომუნისტური მემკვიდრეობის თვალსაჩინოებისთვის წარმოდგენილი იყო ბერლინის კედლის ინსტალაცია. ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლისას რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების განგრძობით ოკუპაციაზე და არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს განვითარების კურსზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„ბერლინის კედელი დაინგრა, მაგრამ საქართველოში ახალი კედლები, მავთულხლართები შენდება. 100 კილომეტრამდე მავთულხლართებით იზოლირებულია ორი რეგიონი და იქ მცხოვრები ადამიანები, დიდი ნაწილი კი გამოდევნილი. დღეს ვსაუბრობთ პოსტკომუნიზმსა და საბჭოთა წარსულზე, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე, მაგრამ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ჯერ არ დასრულებულა. და ის სიტყვები, რაც პრეზიდეტმა რეიგანმა უთხრა გორბაჩოვს: „ბატონო გორბაჩოვ, დაშალეთ ეს კედლები“, არის ის, რაც საერთაშორისო თანამეგორბობამ ხმამაღლა უნდა უთხრას ვლადიმერ პუტინს დღეს. მიუხედავად განგრძობითი ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით საქართველოზე ზეწოლისა, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების კურსი განუხრელია, საზოგადოების ფართო მხარდაჭერით გამყარებული. ამ გზაზე მნიშვნელოვანია მსოფლიოს მხარდაჭერა. კარგია, რომ განვიხილავთ წარსულს - კომუნისტურ რეპრესიებსა და საბჭოთა მემკვიდრეობას, რათა კარგად გავიაზროთ, რა ხდება დღეს რეალურად და აღარ დავუშვათ მსგავსი მოვლენების განმეორება მომავალში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა სამიტზე გამოსვლისას.

„თავისუფლების სამიტში“ მონაწილეობდნენ ევროპული კონსერვატიული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ლიდერები და მთავრობის წარმომადგენლები 30-ზე მეტი ქვეყნიდან.