ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მშვიდობით, შერიგებით, შენდობით

17 აპრილი 2017
„ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მშვიდობით, შერიგებით, შენდობით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ შინდისში განაცხადა, სადაც მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ეს უკვე ტრადიციაა, ჩვენ აქ ყოველ წელს მოვდივართ და პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის თავდადებული ბიჭების ხსოვნას, რომლებმაც სამაგალითოდ იბრძოლეს და სიცოცხლე გასწირეს საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისათვის. აქ მათი სახელების უკვდავსაყოფად აღმართულ მემორიალთან ერთად არის შერიგების ტაძარიც და დღეს, მაცხოვრის აღდგომით სიკვდილის დათრგუნვის ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩვენი მთავარი გზავნილი მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის არის ის, რომ ჩვენ შერიგებით, ნდობით, შენდობით და უკეთეს მომავალზე ფიქრით უნდა აღვადგინოთ ურთიერთობები, დავამარხცოთ დაპირისპირება და თავსმოხვეული კონფლიქტი, რომელიც ერთად გამოვიარეთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მშვიდობით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შინდისიდან მიულოცა.

„მინდა, აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული მივულოცო ყველას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც მავთულხლართების მახლობლად ცხოვრობენ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღესაც ვერ ახერხებენ საკუთრი ახლობლების საფლავებზე გადასვლას, სალოცავებში მისვლას, რომელთაც გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავენ. დღესასწაულს ვულოცავ ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც გამოდევნილი არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან და დღესაც ვერ ახერხებენ სახლებში დაბრუნებას, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და იზოლირებული არიან მავთულხლართებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, თანმიმდევრულობით აუცილებლად შევძლებთ ამ მახინჯი მავთულხლართების დაშლას და ქვეყნის გაერთიანებას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.