შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და აპარატის თანამშრომლებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ერთად „დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში, ტოლერანტობის სკვერში „წითელ წიგნში“ შეტანილი კოლხური ბზის ნერგები დარგეს.
„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ერთიან ეკოსისტემაზე და სასიცოცხლო გარემოზე. დღეს მოვედით ტოლერანტობის სკვერში, რათა ხაზი გავუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ასევე საერთო საზგადოებრივ გარემოზე ზრუნვა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მრავალკულტურულობით გამოირჩევა. თბილისის ეს უბანი კი მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ტრადიციის ცოცხალი ძეგლია. ტოლერანტობის პრინციპების დაცვა ქმნის ჯანსაღ გარემოს, რომელიც აუცილებლი პირობაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღეს დავრგეთ კოლხური ბზა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური სახეობაა. ეს არის იმედთან, რწმენასთან დაკავშირებული მცენარე. ამ სახეობას ბოლო პერიოდში სერიოზული საფრთხე დაემუქრა საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში და ჩვენთვის ძვირფასი სახეობის გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის აფხაზებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ეს ჩვენი საერთო მემკვიდრეობა და სიმდიდრეა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
„დედამიწის დღე“ მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 22 აპრილს, გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქციებით აღინიშნება.