ქეთევან ციხელაშვილი ვატიკანში წმინდა საყდრის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

28 აპრილი 2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამუშაო ვიზიტით ვატიკანში იმყოფება.
მან უკვე გამართა შეხვედრები წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, პიეტრო პაროლინისთან, ასევე ადამიანის ინტეგრალური განვითარების დიკასტერიის პრეფექტთან, კარდინალ პიტერ ტურკსონთან და წმინდა საყდრის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან, მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერთან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვატიკანის წმინდა საყდრის პოზიცია მტკიცეა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან მიმართებაში და იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია არაღიარების პოლიტიკის კუთხით. ჩვენ შევხვდით ვატიკანის სახელმწიფო მინისტრს, რომელიც ძალიან კარგად არის ინფორმირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მას და ასევე, ვატიკანში ახლადშექმნილი მიმართულების, ადამიანის ინტეგრალური განვითარების დიკასტერიის პრეფექტს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ვესაუბრეთ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად მიმართულებზე“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილი 27აპრილს რომში შეხვდა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის დირექტორს, გვიდო დე სანქტისს.

სახელმწიფო მინისტრმა იტალიურ მხარეს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ხედვა კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით და მიმდინარე დინამიკა. გვიდო დე სანქტისი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ეკონომიკური მდგომარეობით, ე.წ. პასპორტიზაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარებით, ჟენევის დისკუსიების ეფექტიანობით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკით, რაზედაც სახელმწიფო მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. იტალიის ოფიციალურმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ვიზიტის ბოლოს სახელმწიფო მინისტრი შეხვდა წმინდა საყდრის ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანუშ ტომბინსკის.