შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშისაქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. პეტრე კანკავამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2016 წლის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.
მან ასევე, ისაუბრა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილულ საკითხებზე, კერძოდ კონფლიქტით დაზარალებული პირების უფლებრივ მდგომარეობაზე, აგრეთვე, ამ ფორმატებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის შესაძლებლობაზე.
პეტრე კანკავამ მიმოიხილა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფოს მიერ 2016 წელს განხორციელებული პროგრამები, ასევე, ეთნიკური უმცირესობის ენებზე ბეჭვდითი და სხვა მედიასაშუალებების მხარდაჭერის მიზნით გატარებული რეფორმები.
საკომიტეტო მოსმენას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაესწრო. სხდომაზე მოხსენებებით სხვა სამინისტროების წარმომადგენლებიც წარსდგნენ.