ქეთევან ციხელაშვილი ციხელაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

3 მაისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

მუდმივ წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

”გაეროს დელეგაციის წევრებს მივაწოდე ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ ადამიანის უფლებების შეზღუდვებზე, უკანონო დაკავებებზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე რუსიფიკაციის პროცესზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ განუყოფელია ამ რეგიონებიდან გამოდევნილი ადამიანების უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. მუდმივ წარმომადგენლებს ასევე გავაცანი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ხედვები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები. ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი წარმომადგენლების ინფორმირება ამ თემებზე და გაეროს მხარდაჭერა“- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანია საქართველოს კულტურის, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.