შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თემაზე ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია შეხვდნენ. მათ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ.
„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე მე ვხელმძღვანელობ ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს და შეხვედრის მონაწილეებს მივაწოდე ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენი ჯგუფი მუშაობს. კერძოდ, ამ ჯგუფის დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად რჩება დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება. ასევე, ყოველ რაუნდზე განვიხილავთ გადაადგილების თავისუფლების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის , ასევე სხვა ჰუმანიტარულ საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ თემების შესახებ ინფორმირებული იყვნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენთვის მათი მოსაზრებები საინტერესოა“, - განაცხადა პეტრე კანკავამ.