სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება

5 ივნისი 2017
მიმდინარე წლის 31 მაისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აფხაზი მონაწილეების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სრულიად მიუღებლად მიიჩნევს აფხაზეთის დე ფაქტო სტრუქტურების არგუმენტს, “მტკიცებულებების არქონის მიზეზით გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე პირის მიმართ „სისხლის სამართლებრივი დევნის“ შეწყვეტის თაობაზე”. ხელოვნურად გაჭიანურებული საქმის ბოლომდე მიყვანის მიზნით, საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა საერთაშორისო შუამავლების საშუალებით საქმეში არსებული ყველა და საკმარისი მასალა გადასცეს დე ფაქტო სტრუქტურების წარმომადგენლებს, რათა მომხდარიყო დამნაშავის დაკავება.

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ რაშიდ კანჯი ოღლიმ პასუხი აგოს ჩადენილი ქმედებისთვის. რაც არა ერთხელ გაჟღერდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ინციდენტებზე პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის, ასევე სხვა საერთაშორისო შეხვედრებისას. საქართველოს ხელისუფლების კატეგორიულ პოზიციას სრულად იზიარებენ საერთაშორისო პარტნიორები და ზემოაღნიშნული მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

საქართველოს ხელისუფლება არ შეეგუება შექმნილ ვითარებას და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და IPRM-ის ფორმატში გააგრძელებს აქტიურ მუშაობას გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე პირის, წითელი ცირკულარით ძებნილი რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ მართლმსაჯულების აღსასრულებლად.