ქეთევან ციხელაშვილი: „ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციის კურსის სიკეთე ყველა მოქალაქის ცხოვრებაზე აისახოს“

6 ივნისი 2017
„ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციის
კურსის სიკეთე ყველა მოქალაქის ცხოვრებაზე აისახოს“ - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა მოძრაობა „მრავალეროვანის საქართველოს“ ორგანიზებით ნატოს
სამეკავშირეო ოფისში გაიმართა. ფერმერებსა და მეწარმეებს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შედეგებისა და სარგებლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ესმოდეს არსი ამ კურსისა, რომ ამ კურსის სიკეთე ყველა ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრებაზე აისახოს და ხელშესახები სარგებელი მოიტანოს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმება უკეთესი მომავლის პერსპექტივები. ევროინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი გზა, რომელსაც უკვე გადის ჩვენი ქვეყანა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანების ცხოვრება უნდა გაუმჯობესდეს, უნდა გვქონდეს უკეთესი განათლება, ჯანდაცვა, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა, მეტი დემოკრატია, ინსტიტუციური სიმყარე“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვისა და თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ევროპული მოდელის სახელმწიფო ისეთ სახელმწიფოს ნიშნავს, სადაც ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, არის თანასწორი როგორც კანონის წინაშე, ისე შესაძლებლობების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორობის სახელმწიფო სტრატეგიის მიმართულებებისა და მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა.
შესაძლებლობათა გაფართოებისა და ცნობიერების დონის ამაღლებაზე მიმართული პროგრამას „მრავალეროვანი საქართველო“ საქართველოში ლიტვის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება შემდეგ თემებზე: ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანსმების არსი, შედეგები და სარგებელი, საქართველოს მეწარმეებისათვის ევროკავშირის ბაზარზე დაშვების წესები და ვალდებულებები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის არსი, შედეგები და სარგებელი.