ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - მე-40 რაუნდი გაიმართა

22 ივნისი 2017
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - მე-40 რაუნდი 20-21 ივნისს
გაიმართა. მუშაობა ორ - უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებში წარიმართა.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობისა და უსაფრთხოებისა საკითხები.

მეორე სამუშაო ჯგუფში განიხილეს საქართველოდან მონაწილეების მიერ დაყენებული საკითხები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა.
„ამ რაუნდზე, ყველა საკითხზე მსჯელობა საქმიან გარემოში წარიმართა გარდა დღის წესრიგის მეოთხე - იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხისა, რომლის განხილვაც პროტესტის ნიშნად დატოვეს წარმომადგენლებმა რუსეთიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან“, - აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ, რომელიც მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას. მონაწილეებმა საქართველოდან ჟენევის დისკუსიების ფორმატში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ უტყუარი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად “სოხუმის გადაწყვეტილებით“, დამნაშავე კანჯი ოღლი გათავისუფლდადა მოითხოვეს მისი დასჯა. ამ საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერა დააფიქსირეს დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა.

ჰუმანიტარულ ჯგუფში მონაწილეებმა საქართველოდან ასევე, მწვავედ დააყენეს ოკუპირებული ტერიტორიების ქართული მოსახლეობის უფლებების დარღვევების საკითხები, კერძოდ: ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, მოსახლეობისთვის საკუთრ მიწებზე წვდომის უზრუნველყოფა, მავთულხლართების გავლების შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილი პრობლემები. მათ კატეგორიულად მოითხოვეს უკანონოდ დაკავებულთა და უკანონო პატიმრობაში მყოფთა გათავისუფლება. განიხილეს ასევე გალის რაიონში მცხოვრებთათვის ე.წ. ბინადრობის მოწმობებისა და ე.წ. პასპორტების გაცემის თემა.

მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ახალგორის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების შესაძლო შეზღუდვის საკითხზე. მათ დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, აშშ-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართეს თხოვნით, მიიღონ ქმედითი ზომები აღნიშნული განზრახვის არდაშვების მიზნით, რათა ადგილობრივი ბავშვები არ დარჩნენ განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე.

მეორე სამუშაო ჯგუფში ასევე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენისთვის ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებაზე.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი კვლავ იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება იყო. თუმცა, საკითხის განხილვის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, ასევე მონაწილეებმა სოხუმიდან და ცხინვალიდან შეხვედრა კვლავ დატოვეს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 41-ე რაუნდი 2017 წლის 10-11 ოქტომბერს გაიმართება.