რეგიონის შესახებ

ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი (სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი) მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში რომლის ფართობი 3,8 ათასი კმ²-ია (საქართველოს ტერიტორიის 5,4%) და შედგება 4 ადმინისტრაციული ერთეულისგან-: ზნაურის, ახალგორის, ცხინვალისა და ჯავის დანაყოფებისგან. ცხინვალის რეგიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით - ყაზბეგისა და დუშეთის, სამხრეთით - კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის, დასავლეთით - საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტები.

ამ ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან (გვიან პალეოლითის ხანიდან, 40-30 ათასი წლის წინ) შეინიშნება. რეგიონის განვითარების მაღალ დონეს მიუთითებს სოფელ საძეგურთან (ახალგორის რაიონი) აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის შუა ხანების სამარხის მასალა. ისტორიულად, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დასახლებული იყო ეთნიკური ქართველებით, ოსებით, სომხებით, ებრაელებით და სხვა ეთნოსის წარმომადგენლებით.

ცხინვალის რეგიონი (ისტორიული სახელი - სამაჩაბლო) ყოველთვის ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა და ერთიანი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული იყო. ქართლის სამეფოს წარმოქმნიდან (ძვ.წ. IV ს-ის დასასრული) შიდა ქართლი ქვეყნის ცენტრალური საერისთავო იყო. აქ უძველესი დროიდან ქართველები სახლობდნენ და ეს ტერიტორია იყო ქართული კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი, რაზეც მოწმობენ ქართული და უცხოური ისტორიული წყაროები; ასევე, რეგიონში აღმოჩენილი მრავალი არტეფაქტი .
მთელ საქართველოში, მათ შორის ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, საუკუნეების მანძილზე ცხოვრობს ეთნიკურად ოსი მოსახლეობა, რომელთა მშობლიურ ენას წარმოადგენს ოსური ენა. ოსური ენა ინდოევროპულ ენათა ჯგუფის ინდო-ირანულ შტოს განეკუთვნება. XVIII საუკუნემდე ოსურ ენას საკუთარი დამწერლობა არ ჰქონდა. პირველი თარგმანები ოსურ ენაზე შეასრულა იღუმენმა გრიგორმა ქართული ანბანის გამოყენებით 1747-1753 წლებში. ეს იყო პირველი ხელნაწერი (საეკლესიო) წიგნები ოსურ ენაზე.

1798 წელს საეკლესიო სლავური დამწერლობის ბაზაზე მოზდოკის ეპისკოპოსის გაიოზის (ბარათაშვილი) და მღვდელ პავლე გენცაროვის (კესაევი) დახმარებით შეიქმნა ოსური ანბანი და გამოიცა როგორც საანბანე, ისე პირველდაწყებითი საკითხავი წიგნები. გაიოზ რექტორის მიერ ქართულიდან ოსურზე თარგმნილი „დაწყებითი სწავლება ღვთისმეტყველებისა" (გამოცემული 1798 წელს) არის პირველი ოსური ნაბეჭდი წიგნი. 1802 წ. რაც შეეხება ოსური ენის გრამატიკას, აკადემიკოსმა შეგრენმა (1794-1855) პირველმა შექმნა ის რუსული შრიფტის საფუძველზე 1844 წელს.

1923 წლიდან იყო მცდელობა ოსური ენა დაწერილი ყოფილიყო ლათინური აბანით, მაგრამ ლათინური პრაქტიკაში ვერ დამკვიდრდა. 1938 წლიდან 1954 წლამდე ოსურ ენაში კვლავ ქართული შრიფტის საფუძველზე შედგენილი ანბანი იხმარებოდა. ხოლო 1954 წლიდან დღემდე სლავურის ბაზაზე შედგენილი ანბანი გამოიყენება.

გარდა ქართველებისა და ოსებისა, ცხინვალის რეგიონში XIII საუკუნიდან სახლობდნენ ებრაელები, რომლებიც ძირითადად ვაჭრობას მისდევდნენ. 1870-იან წლებში ქალაქ ცხინვალის ებრაულ კვარტალში ფუნქციონირებდა შვიდი სინაგოგა და მათი რელიგიური სკოლა. აქვე არსებობდა მძლავრი სომხური თემიც, რომელიც 1802 წლისთვის ახალგორში ქართულ მოსახლეობასთან ერთად ქმნიდა მაცხოვრებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას. სომხური მოსახლეობა მრავლად იყო ქალაქ ცხინვალშიც: 1917 წლის აღწერის მიხედვით, ცხინვალში ებრაელთა რაოდენობა 38.4% იყო, ქართველები - 34.4%, სომხები - 17.7%, ოსები - 8.8 %.

საუკუნეების მანძილზე, მუდმივად, ახლანდელი ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორია (სამაჩაბლო) შედიოდა ერთიანი საქართველოს სამეფოს, ქართლის ან ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში. XIX საუკუნეში ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ შიდა ქართლი სრულად (მათ შორის შემდგომში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაც) თბილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრების შემადგენლობაში მოექცა. მეფის რუსეთის მიერ 1840 წ. კავკასიაში ადმინისტრაციული რეფორმა გატარდა, რის საფუძველზეც შიდა ქართლში 1842 წ. შეიქმნა „ოსეთის ოკრუგი".

1847 წ. გამოცემულ „კავკასიის გენერალურ რუკაზე" „ოსეთის ოკრუგი" მოიცავდა ჯავის, პატარა ლიახვისა და ნარის (ისტორიული დვალეთი) უბნებს; მის შემადგენლობაში არ შედიოდა არც ცხინვალი და არც ახალგორი (აღნიშნული რუკა გვხვდება 1967 წ. გამოქვეყნებულ ბ. კალოევის მონოგრაფიაში „ოსები"). 1859 წელს, ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ, რუსეთმა კავკასიაში კვლავ განახორციელა ადმინისტრაციული ცვლილებები. „ოსეთის ოკრუგი", ისევე, როგორც საქართველოს ისტორიული პროვინცია დვალეთი სრულად, ახლადჩამოყალიბებულ ჩრდილოეთ კავკასიურ „ოსეთის სამხედრო ოკრუგში" იქნა შეყვანილი. XIX საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება ტერმინი „სამხრეთ ოსეთის" წარმოქმნაც, რომელიც მანამდე არცერთ ისტორიულ წყაროში არ გვხვდება.

1921 წელს, რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მოხდა ადმინისტრაციული საზღვრების თვითნებური შეცვლა, მათ შორის, 1922 წლის 20 აპრილს საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტის სახალხო კომისართა საბჭოს N2 დეკრეტით საქართველოს შემადგენლობაში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (სოაო), დედაქალაქით ცხინვალში. მანამდე, ოსური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს არსებობდა.

1990 წლის 20 სექტემბერს სოაო-ს ადგილობრივმა კომუნისტური პარტიის წევრებმა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, არსებული სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფით „სოაო" გამოაცხადეს სუვერენულ „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად" საბჭოთა კავშირის ფარგლებში. საქართველოს ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით უკანონოდ ცნო აღნიშნული დადგენილება და 1990 წლის 11 დეკემბერს გააუქმა სოაო-ს სტატუსი. იმ საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ხელისუფლების დადგენილებას, მიმართეს დაუმორჩილებლობას, რაც შემდგომში სამართალდამცავ ორგანოებთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

1992 წლის 24 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძეს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ბორის ელცინს შორის დაგომისში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან ერთად განლაგდნენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთებიც, რომელთაც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მინიჭებული ჰქონდათ სამშვიდობო მანდატი.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა როკის გვირაბის საშუალებით გადმოკვეთა საქართველო-რუსეთის საზღვარი და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო მანდატით არსებულ საჯარისო ნაწილებთან ერთად, ხუთდღიანი ომის შემდეგ, განახორციელეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ოკუპაცია.

 

დეტალური ინფორმაცია