სახელმწიფო მინისტრი შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

13 December 2012

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კარლ ბილდტთან, ნიკოლაი მლადენოვთან და იასეკ მიხალოვსკისთან შეხვედრა დღეს გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და საქართველოს ელჩები ამ ქვეყნებში.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს მათი სახელმწიფოების მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პაატა ზაქარეიშვილმა კონფლიქტების მიმართულებით საქართველოს ახალი მთავრობის ხედვაზე ისაუბრა. კერძოდ, მან სტუმრებს გააცნო, რა დარჩება უცვლელად ძველი მთავრობის ხედვებიდან და რა სიახლეები და ცვლილებები იგეგმება. სახელმწიფო მინისტრმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკას ევროპული პოლიტიკის ნაწილად განიხილავს და საქართველომ და ევროკავშირმა აფხაზებსა და ოსებს ევროპული ფასეულობები ერთობლივად უნდა შესთავაზონ.

თავის მხრივ, სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ევროპული საზოგადოება არაღიარების პოლიტიკას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მყარად უჭერს მხარს. მათივე განცხადებით, ასევე მხარს უჭერენ არაღიარების პოლიტიკის ფონზე შერიგებისა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას.