შეხვედრა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებთან

1 February 2013

პაატა ზაქარეიშვილმა და ქეთევან ციხელაშვილმა მათთან ერთად ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემები განიხილეს.

შეხვედრა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გახსნა.

"დარწმუნებული ვარ, შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან და სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან სასარგებლო იქნება. თქვენ გაქვთ საშუალება, ისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც გაწუხებთ. ვგეგმავთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან თქვენი შეხვედრები რეგულარულად გავმართოთ", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახელმწიფო მინისტრმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის მზაობა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინტეგრაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

"ამასთან, იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ეფექტური იყოს, სასურველია, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ პრობლემებზე ჩვენს აპარატს ოფიციალურად მომართოთ და ჩვენ შესაბამის უწყებებთან და მინისტრებთან დავაყენებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სამოქმედო ერთწლიან გეგმაზე ახლო მომავალში დაიწყოს მუშაობა.

"მართალია, უკვე არსებობს ეროვნული კონცეფცია და 2014 წლამდე გაწერილი, 5 წლიანი სამოქმედო გეგმა, მაგრამ კარგი იქნება, თუ მომავალი წლის და შემდეგ უფრო გრძელვადიან გეგმაზე ერთობლივად ვიმუშავებთ, რაც უფრო ეფექტური ნაბიჯების დაგეგმვის შესაძლებლობას მოგცემს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო და მშობლიური ენების სწავლების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმებისა და სოციალურ პრობლემებზე, ასევე ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ახლო მომავალში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიაწვდის წინადადებებს, რომლებიც შემდეგ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში იქნება განხილული.