ხსოვნის საღამო ეროვნულ ბიბლიოთეკაში

23 February 2013

ღონისძიება - "უსამშობლობის 13 წელი და ტანჯვით გავლილი გზა ხაიბახიდან სამაშკიმდე" რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ორგანიზებით შედგა.

ხსოვნის საღამოს ესწრებოდნენ, როგორც საქართველოს მთავრობისა და სხვადსხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელოვნებისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები, პანკისელი ქისტები და დელეგაციები ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ევროპიდან.

საღამოზე სიტყვით გამოსვლისას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ნიშანდობლივია გენოციდის მსხვერპლთათვის პატივის მიგება სწორედ თბილისში ხდება და საქართველო კვლავაც გააგრძელებს აღებულ კეთილმეზობლურ და ურთიერთთანამშრომლობის კურსს კავკასიის ხალხებთან მიმართებაში.

სიტყვით გამომსვლელმა სტუმრებმა ასევე ისაუბრეს იმ ვანდალიზმზე, რომელიც ჩრდილო კავკასიელებმა განიცადეს მასობრივი გასახლებების პერიოდში.

საღამოზე ნაჩვენები იქნა გასახლების პროცესის ამსახველი დოკუმენტური კადრები. ცნობილმა ქართველმა პოეტებმა კი ტრაგედიისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხეს.

1944 წლის 23 თებერვალს იმჟამინდელი საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, გერმანიასთან თანამშრომლობის ბრალდებით, ერთი დღე ღამის განმავლობაში ჩეჩენი და ინგუში ხალხი მთლიანად აყარეს საკუთარი მიწიდან და შუა აზიის ქვეყნებში გადაასახლეს. ამ აქციას ვაინახური მოსახლეობის ნახევარზე მეტი შეეწირა. 2004 წელს ევროპის პარლამენტმა ჩეჩნებისა და ინგუშების გასახლება ოფიციალურად აღიარა გენოციდის აქტად.