სკოლის მშენებლობის გახსნა სოფელ აბანოში

21 February 2014

სკოლის მშენებლობის გახსნას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. სკოლა 90 ბავშვზეა გათვლილი და აქ ისწავლიან როგორც სოფელ აბანოს, ისე მიმდებარე დასახლებების მოსწავლეები. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, სკოლის მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული, თუ სასოფლო-სამეურნეო პროექტები არის საქართველოს სახელმწიფოს პასუხი მავთულხლართებზე. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებთან მიმართებაში და სამომავლო პროექტები აუცილებლად გაუუმჯობესებს ცხოვრების პირობებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს.

თამარ სანიკიძის თქმით, სკოლის მშენებლობის პროცესი ისეა დაგეგმილი, რომ ახალ სასწავლო წელს სოფელ აბანოში მცხოვრები მოსწავლეები ახალ სკოლაში შეხვდებიან. მისივე თქმით, დაგეგმილია მოსწავლეთა უზრუნველყოფა ტრანსპორტით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად განაგრძობს სხვა და სხვა პროექტების განხორციელებას ომის შედეგად დაზარალებულ სოფლებში. დავით ნარმანიას თქმით, მიმდინარე წელს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების სარწყავი წყლით მომარაგება წარმოადგენს. ამ მიზნით რამდენიმე სოფელში უკვე კეთდება ჭაბურღილები. ასევე პრიორიტეტს წარმოადგენს შიდა მუნიციპალური გზების შეკეთება, აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ვიდეო სიუჟეტი იხილეთ მოცემულ ბმულზე