შეხვედრები შვეიცარიაში

15 December 2011

14 დეკემბერს გაიმართა ჟენევის მოლაპარაკებების მე-18 რაუნდი, რომლის დროს ქართული მხარის მიერ დაყენებულ იქნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხი. გარდა უსაფრთხოებისა, მხარეებმა განიხილეს ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებიც, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის, მათი გადაადგილების შეზღუდვის, დანაშაულისა და პირთა უკანონოდ დაკავების ფაქტები, ისევე როგორც დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი.

ჟენევის შეხვედრამდე, 12 დეკემბერს გაიმართა ორმხრივი შეხვედრები შვეიცარიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ბ-ნი ირაკლი ფორჩხიძე შეხვდა შვეიცარიის კონფედერაციის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოლიტიკური საკითხების 1-ლი განყოფილების თავმჯდომარეს ევროპისა და ცენტრალური აზიის, ევროსაბჭოს და ეუთო-ს საკითხებში, ბ- ნ არტურ მატლის და შვეიცარიის მთავრობის სხვადასხვა უწყების ექსპერტთა ჯგუფს, კერძოდ: იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების განყოფილების და მიგრაციის ფედერალური ოფისის, ასევე საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოლიტიკური საკითხების განყოფილებისა და საერთაშორისო სამართლის განყოფილების წარმომადგენლებს. განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს "ჩართულობის სტრატეგიის" და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია, განსაკუთრებით ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების საკითხი.