შეერთებულმა შტატებმა ნეიტრალური დოკუმენტი აღიარა

5 June 2012

საქართველოს მთავრობამ 2010 წელს მიიღო სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით და მისი თანამდევი ჩართულობის სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტები ითვალისწინებს ნეიტრალური პირადობის მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის.

შესაბამისად, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის განკუთვნილ დოკუმენტებს, რომლებიც ამ რეგიონების მოსახლეობას საშუალებას აძლევს მიიღოს სოციალური სერვისები და თავისუფლად გადაადგილდეს საზღვარგარეთ.

ნეიტრალური დოკუმენტების გაცემა დაიწყო 2011 წლის ბოლოს, როდესაც დასრულდა ყველა საჭირო შიდასამართლებრივი პროცედურა. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობა მზარდ ინტერესს გამოხატავს აღნიშნული დოკუმენტების მიმართ.

ნეიტრალური დოკუმენტები ნეიტრალურია მოქალაქეობის მიმართ. მათი მიღება შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. განაცხადის მიღება ხდება ონლაინ (იუსტიციის სახლის ვებგვერდზე), პირადად ან უფლებამოსილი მესამე პირის მეშვეობით.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისათვის აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის და აშშ-ის მიერ. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ინტენსიურ კონსულტაციებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და სხვა ქვეყნებთან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების შემდგომი აღიარების უზრუნველსაყოფად.