შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრმა აფხაზური ენის უნიკალურობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის გამო მას დაცვა და განვითარება სჭირდება.
ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფოს იმ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაც იგი აფხაზური ენის პოპულარიზაციის მიზნით დგამს. მათ შორის, აფხაზურ ენასთან დაკავშირებით 2017 წელს მიღებულ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ენის შენარჩუნებისკენაა მიმართული.
„მინდა ყველას მივულოცო აფხაზური ენის კვირეული, რომელიც ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ჩვენთვის აფხაზური საქართველოს კონსტიტუციით დაცული მეორე სახელმწიფო ენაა. სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ვალდებულება დაიცვას იგი, მსგავსად ქართული ენისა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რა მდგომარეობაშია დღეს აფხაზური ენა და იდენტობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსიფიკაციის პროცესის პირობებში, მითუფრო ნათელი და აშკარა ხდება, რომ განსაკუთრებული ზომების მიღება გვჭირდება, რათა ენა შევინარჩუნოთ, დავიცვათ და განვავითაროთ.
„დღეს აქ შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და აფხაზური ენის განვითარებაში შეაქვთ წვლილი როგორც მეცნიერებს, როგორც პედაგოგებს, როგორც მწერლებს, პოეტებს. სტუმრად გვყავდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასიც, რომელმაც აფხაზური სახელწოდებით მოამზადა სპექტაკლი. მისი პრემიერა 8 ნოემბერს გიმართება. იგი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზეა. მათი მხრიდან ეს არის ხელოვანების ნაბიჯი ჩვენი ხალხის შერიგებისკენ და დაახლოებისკენ. გზავნილია, რომ იმ ძალისხმევაში, რომელიც ჩვენი კულტურის, იდენტობის დაცვას ემსახურება, ერთიანები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეკრებილ აუდიტორიას მიმართეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ პროფესორმა ნანა მაჭავარიანმა და ცნობილმა ქართველმა მწერალმა გურამ ოდიშარიამ. იმსჯელეს აფხაზური ენის ახლანდელ მდგომარეობასა და მისი გადარჩენის გზებზე.
ღონისძიებას აგრეთვე დაესწრნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობები; მეცნიერები, რომელთა აკადემიური გამოცემები, ქართულ-აფხაზური და აფხაზურ-ქართული ლექსიკონები თუ სხვა სამეცნიერო ნაშრომები ემსახურება აფხაზური ენის პოპულარიზაციას, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კვლევასა და განვითარებას; ადამიანები, რომლებიც აფხაზურ პროზას და პოეზიას თარგმნიან ქართულად და ქართულ პროზას და პოეზიას - აფხაზურად.
შეხვედრის დასასრულს, ქეთევან ციხელაშვილმა, მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ლექსიკონი და ქართულ-აფხაზურ-ინგლისური ლექსიკონი გადასცა.
ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.