ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

5 თებერვალი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგორის ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაში აყენებს.

ქეთევან ციხელაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“ მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ინიციატივის განხორციელების მიზნით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.

ელჩმა დაადასტურა, რომ ევროკავშირიდან გასვლის მიუხედავად გაერთიანებული სამეფო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. სტუმარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამაეფოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი თქმით გაერთიანებული სამეფო მომავალშიც განახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან ტრანსფორმაციას და დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას.

სახელმწიფო მინისტრმა ჯასტინ მაკკენზი სმიტს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა ამ მხრივ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.