შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში უნგრეთის ელჩთან, ვიქტორია ჰორვატთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა უნგრელ დიპლომატს გააცნო აპარატის საქმიანობის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესზე და უკანონო დაკავებებზე.
თეა ახვლედიანმა დაგმო ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით პატიმრობის მისჯის უკანონო გადაწყვეტილება და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სათანადოდ მკაფიო რეაგირების აუცილებლობას, როგორც ზაზა გახელაძის, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
თავის მხრივ, უნგრეთის ელჩმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობის სრული მზაობა და მხარდაჭერა გამოთქვა, როგორც სამშვიდობო, ისე სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში. მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.